Thursday, April 28, 2011

მიწისძვრა ჰაიტიზე






ჰაიტიზე მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია მოყოლილი და შესაბამისად ტრაგედიის სრული მასშტაბების დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია.
7-ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან სამხრეთით 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები მუდმივად იზრდება.
უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში ეს რეგიონში მომხდარი ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა. დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის, გაერო-ს მისიის შენობის და ათობით სხვა შენობის დანგრევას სულ ერთი წუთი დასჭირდა.
პორტ-ო-პრენსი მთლიანად ბურუსშია ჩაძირული, განადგურებულია კომუნიკაციები, არ მუშაობს სატელეფონო კავშირი, დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელახალი ბიძგების შიშით ქუჩაში სძინავს. საკმაოდ მძლავრი 5.9 და 5.5 ბალის მაგნიტუდის ბიძგები უკვე განმეორდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, კარიბის კუნძულებზე პირველი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობირვი დროით 16:53 საათზე დაფიქსირდა.
მაშველების შეფასებით, რომლებიც ქუჩებს ნანგრევებისგან ასუფთავებენ, მსხვერპლის რაოდენობა რამდენიმე ათას ადამიანსაც კი აღწევს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა გაერო-ს რამდენიმე ათეული თანამშრომელი და მათ შორის რეგიონული მისიის ხელმძღვანელი ჰედი ანაბიც, რომელიც მიწისძვრის მომენტში მისიის შენობაში იმყოფებოდა.
მაშველებს სამუშაოებში დედაქალაქის ათასობით მცხოვრებიც ეხმარება. თუმცა დაფიქსირდა მარადიორობის ფაქტებიც.
გარდაცვლილთა შორის საკმაოდ ბევრი უცხოელია. მაგალითად, გაერო-ს მისიის 8 ჩინელი თანამშრომელია გარდაცვლილი.
ჰაიტი დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ღარიბი ქვეყნაა და ბუნებრივ კატაკლიზმებს მუდმივად განიცდის. მხოლოდ 2008 წელს მას 4 ქარიშხალი დაატყდა თავს, შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობა უკვე გამოუცხადა მსოფლიო ლიდერთა უმეტესობამ, მათ შორის სახელმწიფო და მთავრობის ლიდერებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმაც.
მიწისძვრის რეგიონში ჩავიდნენ მაშველები და გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. ორი სამაშველო თვითმფრინავი საფრანგეთმა გამოყო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი დაზარალებულებისთვის "ნებისმიერი აუცლებელი დახმარების აღმოჩენის" პირობა დადო. დახმარების გაწევაზე ლაპარაკობდნენ აშშ, მექსიკა, ვენესუელა და ტაივანიც.
არსებული ინფორმაციით, სამთავრობო შენობებიდან ყველაზე მეტად საგადასახადო სამსახურის და ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობები დაზარალდა, თუმცა სტიქიას გადაურჩა დედაქალაქის აეროპორტი.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის სასახლე თითქმის მთლიანად დაინგრა, პრეზიდენტი რენე პრევალი და მისი მეუღლე ცოცხლები გადარჩნენ.
როგორც აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, სტიქიამ, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 3 მილიონამდე ადამიანი დააზარალა. ასეთივე ციფრებს ასახელებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტშიც.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, რომ ჰაიტის, დასავლეთ ნახევარსფეროს უღარიბეს ქვეყანას, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინოს.
გეოლოგიური სამსახური კარიბის ზღვის აუზში ცუნამის წარმოქმნის საშიშროებაზეც ავრცელებდა ინფორმაციას, თუმცა რეალურად ეს ცნობები არ დადასტურდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილება გამართლდებოდა, ცუნამი სერიოზულ დარყმას მიაყენებდა ჰაიტის, კუბას, ბაჰამის კუნძულებსა და დომინიკის რესპუბლიკას.

No comments:

Post a Comment