Thursday, April 28, 2011

სტიქიური უბედურებები






მეწყერი

მეწყერი მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემკავებელი და წყლიანი ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია.

მეწყერის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება და სხვ.

ცუნამი

ცუნამი  ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღებია, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად. 
ცუნამი არის ტალღების ნაკადი (უმეტესწილად ოკეანეებში), რომელთაც წარმოშობს წყალქვეშა მიწისძვრა, ზვავი ან ვულკანური ამოფრქვევა. ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან.
ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან. 

ზვავი

ზვავი - მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.
ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როცა ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როცა მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება.
ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.

ნიუ იორკი, პენსილვანია - 1977 წლის ზვავი

მიწისძვრა ჰაიტიზე






ჰაიტიზე მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია მოყოლილი და შესაბამისად ტრაგედიის სრული მასშტაბების დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია.
7-ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან სამხრეთით 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები მუდმივად იზრდება.
უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში ეს რეგიონში მომხდარი ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა. დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის, გაერო-ს მისიის შენობის და ათობით სხვა შენობის დანგრევას სულ ერთი წუთი დასჭირდა.
პორტ-ო-პრენსი მთლიანად ბურუსშია ჩაძირული, განადგურებულია კომუნიკაციები, არ მუშაობს სატელეფონო კავშირი, დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელახალი ბიძგების შიშით ქუჩაში სძინავს. საკმაოდ მძლავრი 5.9 და 5.5 ბალის მაგნიტუდის ბიძგები უკვე განმეორდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, კარიბის კუნძულებზე პირველი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობირვი დროით 16:53 საათზე დაფიქსირდა.
მაშველების შეფასებით, რომლებიც ქუჩებს ნანგრევებისგან ასუფთავებენ, მსხვერპლის რაოდენობა რამდენიმე ათას ადამიანსაც კი აღწევს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა გაერო-ს რამდენიმე ათეული თანამშრომელი და მათ შორის რეგიონული მისიის ხელმძღვანელი ჰედი ანაბიც, რომელიც მიწისძვრის მომენტში მისიის შენობაში იმყოფებოდა.
მაშველებს სამუშაოებში დედაქალაქის ათასობით მცხოვრებიც ეხმარება. თუმცა დაფიქსირდა მარადიორობის ფაქტებიც.
გარდაცვლილთა შორის საკმაოდ ბევრი უცხოელია. მაგალითად, გაერო-ს მისიის 8 ჩინელი თანამშრომელია გარდაცვლილი.
ჰაიტი დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ღარიბი ქვეყნაა და ბუნებრივ კატაკლიზმებს მუდმივად განიცდის. მხოლოდ 2008 წელს მას 4 ქარიშხალი დაატყდა თავს, შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობა უკვე გამოუცხადა მსოფლიო ლიდერთა უმეტესობამ, მათ შორის სახელმწიფო და მთავრობის ლიდერებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმაც.
მიწისძვრის რეგიონში ჩავიდნენ მაშველები და გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. ორი სამაშველო თვითმფრინავი საფრანგეთმა გამოყო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი დაზარალებულებისთვის "ნებისმიერი აუცლებელი დახმარების აღმოჩენის" პირობა დადო. დახმარების გაწევაზე ლაპარაკობდნენ აშშ, მექსიკა, ვენესუელა და ტაივანიც.
არსებული ინფორმაციით, სამთავრობო შენობებიდან ყველაზე მეტად საგადასახადო სამსახურის და ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობები დაზარალდა, თუმცა სტიქიას გადაურჩა დედაქალაქის აეროპორტი.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის სასახლე თითქმის მთლიანად დაინგრა, პრეზიდენტი რენე პრევალი და მისი მეუღლე ცოცხლები გადარჩნენ.
როგორც აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, სტიქიამ, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 3 მილიონამდე ადამიანი დააზარალა. ასეთივე ციფრებს ასახელებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტშიც.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, რომ ჰაიტის, დასავლეთ ნახევარსფეროს უღარიბეს ქვეყანას, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინოს.
გეოლოგიური სამსახური კარიბის ზღვის აუზში ცუნამის წარმოქმნის საშიშროებაზეც ავრცელებდა ინფორმაციას, თუმცა რეალურად ეს ცნობები არ დადასტურდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილება გამართლდებოდა, ცუნამი სერიოზულ დარყმას მიაყენებდა ჰაიტის, კუბას, ბაჰამის კუნძულებსა და დომინიკის რესპუბლიკას.

ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა